English / ქართული / русский /
ილია (აზიკო) სისვაძე
ევროპული ტიპის სოციალურ ეკონომიკაზე გადასვლის კონცეპტუალური პრობლემები საქართველოში

ანოტაცია. დასაბუთებულია, რომ საქართველოსათვის სოციალურ ეკონომიკაზე გადასვლა ობიექტური აუცილებლობითაა ნაკარნახევი. მცდარია შეხედულება, თითქოს ეფექტური სოციალური პოლიტიკის განხორციელება მძლავრი ეკონომიკის გარეშე შეუძლებელია. რეალურად, ასეთი პოლიტიკა თვითონვე განაპირობებს ეკონომიკურ პროგრესს, რომელიც, თავის მხრივ, საყოველთაო კეთილდღეობის მატერიალურ პირობებს ქმნის. შესაბამისად, რეფორმები ამ მიმართულებებით მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიტანს სასურველ შედეგს, თუ ისინი ერთდროულად და სინქრონულად წარიმართება. ამ გარემოების გათვალისწინებით ჩატარდა სოციალურ ეკონომიკაზე გადასვლის შესაძლებლობის SWOT-ანალიზი, შემუშავდა მისი ფუნქციონირების პრინციპები და დასახული მიზნების მიღწევის იერარქიული პირამიდა, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს შესაბამის ხარჯებსა და დროს.

საკვანძო სიტყვები: ინოვაციებზე ორიენტირებული რეგულირებადი სოციალური ეკონომიკა, სინერგიული სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი, სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური მიზნების იერარქიული პირამიდა, სოციალური ეკონომიკის ფუნქციონირების პრინციპები.

1. სოციალური ეკონომიკის თანამედროვე მდგომარეობა და ჩამოყალიბების პერიპეტიები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 

თითქმის სამი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის კომუნისტური იმპერიის ბატონობისაგან გავთავისუფლდით, თუმცა არსებითი სოციალურ-ეკონომიკური პროგრესი აქამდე არ შეინიშნება. ეს ხდება მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის პოსტსოციალისტურმა ქვეყნებმა ამავე დროში ყველა მიმართულებით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. ბუნებრივად ჩნდება კითხვა - რა გააკეთეს ისეთი განსაკუთრებული, რამაც მათი სწრაფი განვითარება გამოიწვია? ამ ქვეყნების შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და საერთაშორისო ინდექსები, დალაგებული ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს კლების მიხედვით, წარმოდგენილია ცხრილში (იხ. ცხრილი 1), რომლის ანალიზიდან შემდეგი დასკვნები გამომდინარეობს:

პირველი, ყველაზე დაწინაურებული ქვეყნების პირველ ხუთეულში იმყოფება ჩეხეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, ლიეტუვა და ესტონეთი, ხოლო საქართველო ცალკეული მაჩვენებლის მიხედვით ბოლო ხუთეულში იკავებს სხვადასხვა ადგილს. კერძოდ, მოსახლეობის ერთ სულზე მშპ-ს მიხედვით 3,3-ჯერ ჩამოვრჩებით ჩეხეთს, ხოლო სლოვენიას ხელფასის მიხედვით _ 4,2-ჯერ და პენსიის ოდენობით

ცხრილი 1 .სოციალურ -ეკონომიკური მაჩვენებლები აღმოსავლეთ

ევროპის პოსტსოციალისტურ ქვეყნებში

წყარო: 1. https://bcb.su/vvp-na-dushu-naseleniya-v-stranah.htm;  

2.  https://gtmarket.ru/ratings/global-innovation-index/info;

3. https://bcb.su/srednyaya-zarplaty-v-mire. htm;     

4. https://pikabu.ru/story/uroven-zhizni-v-stranakh-mira-v-2017-2018-godu-5679100;

5. https://gtmarket.ru/research/social-progress-index/info;

6. https://visasam.ru/emigration/vybor/pensiya-v-stranah-mira.html

7. https://gtmarket.ru/ratings/education-index;

8. https://gtmarket.ru/ratings/expenditure-on-education/info;

9. https://ru.wikipedia.org/.../Список_стран_по_индексу_человеческ...Translate this page

10. https://gtmarket.ru/ratings/research-and-development-expenditure/info;

11. https://theworldonly.org/koeffitsient-dzhini-po-stranam.

მეორე, მჭიდრო კავშირი შეინიშნება სოციალურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და მშპ-ში სოციალურ, მათ შორის, განათლების ხარჯების ხვედრით წილს შორის. ამ ხარჯების კლებასთან დაკავშირებით ასევე მცირდება მშპ მოსახლეობის ერთ სულზე, ხელფასის და პენსიის ოდენობა, განათლების და ცხოვრების დონის რეიტინგი, ადამიანური განვითარების და სოციალური განვითარების იდექსები. სლოვენიაში მშპ-ში განათლების ხარჯების წილი შეადგენს 5,7%-ს, ხოლო საქართველოში 3,2%-ს. რეიტინგების ბოლო ადგილებზე მყოფი ქვეყნებიდან უკრაინამ, მოლდოვამ და სერბიამ, როგორც ჩანს, ჩვენგან განსხვავებით, ადრევე გააცნობიერეს განათლების მნიშვნელობა და შესაბამისი მაჩვენებელი გაზარდეს _ უკრაინამ 5,3%-მდე, მოლდოვამ 9,35-მდე, ხოლო სერბიამ 5%-მდე. სლოვენიაში განათლების დონის რეიტინგი შეადგენს 0,89, ხოლო საქართველოში _ 0,79-ს;

მესამე, ასევე გამოკვეთილი კავშირი არსებობს მშპ-ში სამეცნიერო ხარჯების წილსა და სოციალურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს შორის. იმ ქვეყნებში, სადაც მეცნიერებას სათანადოდ აფინანსებენ, ინოვაციური განვითარების და სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის დონე შესაბამისად მაღალია. სერბიაში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებს ხმარდება მშპ-ს 2,1%, ჩეხეთში _ 1,6%, ესტონეთში 1,6%, ხოლო ჩვენთან ყველაზე მწირი დაფინასებაა _ 0,3%. ამ ქვეყნებიდან ჩეხეთში ეკონომიკის ინოვაციური განვითარების ინდექსი შეადგენს 51,0-ს, სლოვენიაში 45,8-ს, სლოვაკეთში 43,3-ს, ლიეტუვაში 41,1-ს, ესტონეთში 50,9-ს, ხოლო საქართველოში _ 34,4-ს. ამდენად, ჩამორჩენაც არ უნდა გაგვიკვირდეს;

მეოთხე, განსაკუთრების საგანგაშოა საქართველოში ჯინის კოეფიციენტით გამოსახული შემოსავლების უთანაბრო განაწილების მაღალი დონე _ 40,1, რომლითაც მხოლოდ რუსეთი გვისწრებს _ 41,6. ჩეხეთში ეს მაჩვენებელი შეადგენს 26,1-ს, სლოვენიაში _ 25,6-ს, სლოვაკეთში _ 26,2-ს, ლიეტუვაში _ 35,2, ხოლო ესტონეთში _ 33,2. ზოგადი ტენდენციით, რაც უფრო უთანაბროდ ნაწილდება შემოსავლები, მით ნაკლებია სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები. ამდენად, ეს ფაქტორი აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და საერთო მატერიალური კეთილდღეობის ზრდას.

ამრიგად, ევროპის პოსტსოციალისტური ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ ეკონომიკური პროგრესი უშუალოდაა განსაზღვრული სოციალური პოლიტიკით, ხოლო განვითარებული ეკონომიკა სოციალური პროგრამების დაფინანსების შესაძლებლობას ზრდის. შესაბამისად, ჩვენში ჩამორჩენის ჯადოსნური წრის გასარღვევად რეფორმები ეკონომიკური და სოციალური მიმართულებებით სინქრონულად უნდა წარიმართოს. განსაკუთრებით საყურადღებოა შემდეგი პრინციპული გარემოება: ყველა წარმატებულ ქვეყანაში რეფორმები განხორციელდა მეცნიერულად დასაბუთებული კონცეფციისა და სტრაგეგიის საფუძველზე, რომლის ფუნდამენტს ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირება შეადგენდა. 

მკაფიოდ გამოხატული ორმხრივი მიზეზშედეგობრივი კავშირი ეკონომიკური განვითარების დონესა და კეთილდღეობას შორის კიდევ უფრო ცხადად იკვეთება მსოფლიოს განვითარებული დემოკრატიული ქვეყნების მიხედვით (იხ. ცხრილი 2).

 ცხრილი 2. სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები მსოფლიოს

განვითარებულ ქვეყნებშირუსეთსა და საქართველოში

წყარო:1. https://bcb.su/vvp-na-dushu-naseleniya-v-stranah.htm;

2. https://bcb.su/srednyaya-zarplaty-v-mire.htm;

3. https://gtmarket.ru/ratings/life-expectancy-index/life-expectancy-index-info;

4. https://gtmarket.ru/research/social-progress-index/info;

5. https://visasam.ru/emigration/vybor/pensiya-v-stranah-mira.html;

6. https://gtmarket.ru/ratings/education-index;

7. https://gtmarket.ru/ratings/expenditure-on-education/info;

8. https://ru.wikipedia.org/.../Список_ стран_по_индексу_человеческ...Translate this page;

9. https://gtmarket.ru/ratings/research-and-development-expenditure/info;

10.https://theworldonly.org/koeffitsient-dzhini-po-stranam;

11. https://gtmarket.ru/ratings/global-innovation-index/info

წარმოდგენილ ცხრილში ცალკეა გამოყოფილი დასავლეთ ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლები. შედარების მიზნით ასევე მოყვანილია ჩინეთის, რუსეთისა და საქართველოს შესაბამისი მონაცემები.

განვითარებულ ქვეყნებს შორის არ არსებობს არც ერთი სახელმწიფო, სადაც სოციალურ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროზე საკმაოდ დიდი თანხები რომ არ იხარჯებოდეს. თავის მხრივ კი, განვითარებული ეკონომიკა სოციალური საჭიროებების და ინოვაციების უფრო მაღალ დონეზე დაფინანსებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, მაღალია კეთილდღეობის ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა ხელფასი, პენსია, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, სოციალური პროგრესის და ადამიანური განვითარების ინდექსები. ამდენად, აქაც ალოგიკური იქნება მტკიცება,რომ ეკონომიკური პროგრესი ცალმხრივად განსაზღვრავს სოციალურ პროგრსს,რეალურად ისინი ერთმანეთს კვებავენ და აძლიერებენ

ევროპის ქვეყნებს შორის გამოკვეთილი სპეციფიკით ხასიათდება დანია, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მიხედვით ჩამორჩება მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანას, კეთილდღეობის მაჩვენებლებით საგრძნობლად უსწრებს მათ. მიზეზი აქაც აშკარაა _ ეკონომიკის შედარებით დაბალი დონის მიუხედავად, იგი გაცილებით მეტ სახსრებს ხარჯავს სოციალურ საჭიროებებზე, განათლებისა და მეცნიერების განვითარებაზე. შესაბამისად, მას ჯერ ერთი, პროგრესის მეტი პოტენციალი აქვს და მეორე,  წარმატებული სოციალური პოლიტიკისათვის აუცილებელი არ არის ქვეყანა ეკონომიკურად ყველაზე დაწინაურებული იყოს.

როგორც დასავლეთ ევროპის, ისე დანაჩენი მსოფლიოს ქვეყნებში შეინიშნება სოციალურ-ეკონომიკურ მაჩვენებელთა უკუდამოკიდებულება შემოსავლების უთანაბრო განაწილებაზე. კერძოდ, რაც უფრო მაღალია ჯინის კოეფიციენტი, მით დაბალია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონე (გამონაკლისია აშშ). აქედან გამომდინარეობს მეტად მნიშვნელოვანი დასკვნა: სოციალური უსამართლობა უარყოფითად მოქმედებს როგორც ეკონომიკურ ,ისე სოციალურ პროგრესზე. ეს გარემოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან მსოფლიოს მასშტაბით ჯინის კოეფიციენტი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. თუმცა, თუ განვითარებული ეკონომიკის პირობებში ფარდობითად დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის განწყობაზე ეს ნაკლებად მტკივნეულად აისახება, ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, იგი გაძლიერებული აღქმის გამო ფეთქებადსაშიშ სიტუაციას ქმნის. ერთიმხრივ, გაღრმავებული სოციალური უთანასწორობა სიღარიბის განცდას კიდევ უფრო ამძაფრებს, ხოლო მეორე მხრივ, ცხოვრების დაბალი დონის გამო არსებული უთანასწორობა გაუსაძლისი ხდება. შესაბამისად იზრდება უკონტროლო სოციალური აფეთქების რისკიც. 

სწორედ ასეთი საშიშროების და სოციალურ ურთიერთობათა ჰუმანიზაციის გაცნობიერების აუცილებლობის გამო მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნები უკვე კარგა ხანია აქტიურ სოციალურ პოლიტიკას ახორციელებენ, რომელთა უმრავლესობას კონსტიტუციურად დაკანონებული სოციალური ეკონომიკა აქვს. ამჟამად ეს ტენდენცია სულ უფრო ძლიერდება და ღრმავდება. მსოფლიოში რეგულირებადი სოციალური ეკონომიკის ასეთი ტრიუმფის ფონზე გაუგებარია, რომ არაკომპეტენტურობის, პრობლემის სუბიექტური აღქმის თუ მსხვილი ბიზნესის არაჯანსაღი ლობირების გამო, ჩვენში ,,ლიბერტარიანიზმის’’ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ, უკონტროლო და უსამართლო ულტრალიბერალურ საბაზრო ეკონომიკას დღესაც ბევრი თავგამოდებული მომხრე ჰყავს. განსაკუთრებით საგანგაშოა ის გარემოება, რომ ე. წ. ეკონომიკის ,,დერეგულირების’’ პოლიტიკა წარმატებათა პანაცეადაა მიჩნეული.

საქართველოში ეკონომიკის ულტრალიბერალურ მოდელს საფუძველი ჩაეყარა გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში პოლონელი ეკონომისტის ლ. ბალცეროვიჩის ე. წ. ,,შოკური თერაპიის’’ კონცეფციით, რომელიც 1990 წელს პირველად თვით პოლონეთში განხორციელდა და ითვალისწინებდა ცენტრალიზებული სოციალისტური მეურნეობიდან თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე მყისიერ გადასვლას. მაგრამ აქაც ისმის ჩვენთვის უაღრესად მწვავე პრობლემა: რატომ მოხდა,რომ კომუნისტური სისტემის მსხვრევის შემდეგ მეტნაკლებად თანაბარ სასტარტო პირობებში მყოფი ქვეყნებიდან საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილია, ხოლო პოლონეთი წარმატებულთა შორისაა? 

საქმე ისაა, რომ პოლონეთში ,,შოკური თერაპიით’’ დაწყებული რეფორმა მომდევნო პერიოდში თვისებრივად ახალი ფორმით წარიმართა. ხელისუფლებამ თავიდანვე გააცნობიერა, რომ ლიბერალური ბაზარი მხოლოდ საშუალებაა ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად და იგი, მისთვის დამახასიათებელი უაღრესად სახიფათო გვერდითი ეფექტების გამო, ადრე თუ გვიან ამოწურავს თავის შესაძლებლობებს და განვითარების მუხრუჭად გადაიქცევა. ამიტომ უკვე იმავე ოთხმოცდაათიანების შუა წლებში ქვეყანა გადავიდა რეფორმის მომდევნო სტადიაზე, რაც მიზნად ისახავდა კონსტიტუციით დაკანონებული რეგულირებადი სოციალური საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებას. ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინებით შეირჩა გერმანული სოციალური მეურნეობის ადეკვატური მოდელი, დამყარებული პრინციპზე  საბაზრო კონკურენცი აყველგან და ყველაფერში, სახელმწიფოებრივი რეგულირება კი მხოლოდ იქ, სადაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია. ჩვენში ასეთი მიდგომა თავიდანვე გამოირიცხა, ლიბერალური საბაზრო ეკონომიკა მიჩნეული იქნა იდეალურად და შეუცვლელად, რამაც ქვეყნის ეროვნული მეურნეობა მუდმივი შოკის მდგომარეობაში ჩატოვა. 

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნაწილში საბაზრო ეკონომიკა ჩამოყალიბდა განსხვავებული გზით _ თანდათანობით, ,,შოკური თერაპიის’’ გარეშე, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, წარმატებით განეხორცილებინათ მომდევნო სოციალურ-ეკონომიკური რეფორმები. ამის თვალსაჩინო მაგალითია სლოვენია, რომელიც ერთ-ერთი წარმატებული სოციალური სახელმწიფოა. ყველა შემთხვევაში რეფორმები ხორციელდებოდა მეცნიერულად დასაბუთებული კონცეფციისა და სტრატეგიის საფუძველზე, სადაც უპირველესად პრიორიტეტული სტრატეგიული სოციალურ-ეკონომიკური მიზნები იყო განსაზღვრული. 

2. სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის მიზნები

სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობათა ევოლუცია. პრობლემა სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური მიზნების შესახებ ჯერ კიდევ საკამათოა როგორც პოლიტიკოსებს, ისე ეკონომისტთა შორის. უფრო მეტიც, ხშირად ერთმანეთშია აღრეული მიზნები, ფუნქციები და მიზნის მიღწევის საშუალებები თვით იმ მეცნიერთა ნაშრომებშიც, რომლებიც გამორჩეულ ავტორიტეტებს წარმოადგენენ. ამავე დროს, ავტორთა ნაწილი თვლის, რომ ერთიანი მიზნის კომპაქტურად და ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბება ვერ ხერხდება მისი მრავალწახნაგიანობისა და სირთულის გამო [გველესიანიგოგორიშვილი2008, გვ.28]. თუმცა, წარმატებული ქვეყნების ისტორიული გამოცდილების და თანამედროვე მიღწევების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა სავსებით შესაძლებელია იმ პირობით, თუ კვლევის ამოსავალ პუნქტად მივიჩნევთ სახელმწიფოს განხილვას სოციალურ-ეკონომიკური ევოლუციის თვალსაზრისით.

სახელმწიფოს ეკონომიკური მიზნები ისტორიულად ყოველთვის მისი სოციალური ორიენტაციით იყო განპირობებული. თუ თვალს მივადევნებთ შესაბამის ურთიერთობათა ევოლუციას პირველი მონათმფლობელური სახელმწიფოებიდან დღემდე, ვნახავთ, რომ მათი ჰუმანიზაციის ტენდენცია სულ უფრო ძლიერდება და შესაბამისად, სამართლიანი ხდებოდა მიზნებიც. მაგრამ ეს მხოლოდ ხელისუფალთა ჰუმანური მოსაზრებებით კი არ იყო განპირობებული, არამედ ობიექტური აუცილებლობით გამოწვეულ შედეგს წარმოადგენს. პოლიტიკოსები ადრე თუ გვიან აცნობიერებდნენ, რომ უსამართლო ურთიერთობები და მიკერძოებული მიზნები ახშობდა ნაყოფიერი შრომის მოტივებს და ამუხრუჭებდა ეკონომიკის განვითარებას. ცხადი გახდა ისიც, რომ ასეთი სისტემის შენარჩუნების ხარჯები და დანაკარგი მნიშვნელოვნად აღემატება მიღებულ სარგებელს. ამ ფონზე გაბატონებულმა ფენებმა თანდათან გააცნობიერეს ექსპლუატაციის როგორც უსამართლო, ისე არარაციონალური ბუნება.

ეს ტენდენციები განსაკუთრებით გამოიკვეთა კაპიტალიზმის განვითარების ბოლო ეტაპზე, რამაც მე-20 საუკუნის ორმოცდაათიან წლებში ჯერ გერმანიაში, ხოლო შემდეგ ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში სოციალური ეკონომიკის ჩამოყალიბება განაპირობა. შესაბამისად, სოციალურად ორიენტირებული და საზოგადოების უმრავლესობის ინტერესების გამომხატველი გახდა სახელმწიფოს მიზნებიც. თანამედროვე მსოფლიოში განვითარების ასეთ გზას, როგორც სოციალური ევოლუციის დარდაუვალ პროდუქტს, ქვეყნების სულ უფრო მზარდი რაოდენობა ირჩევს.

ამდენად, სახელმწიფოს ეკონომიკური მიზნების ჰუმანიზაცია მხოლოდ პოლიტიკოსების სუბიექტური განწყობითა და კეთილშობილებით კი არ იყო ნაკარნახევი, არამედ სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობათა განვითარების და რაციონალიზაციის თავისთავადი ევოლუციის კანონზომიერ შედეგს წარმოადგენს.

თანამედროვე სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკურ მიზანთა სისტემა მრავალკომპონენტიანია და იზომება ისეთი პარამეტრებით, როგორიცაა ცხოვრების დონე და მისი ამაღლების ტემპი, ეკონომიკური თავისუფლება, შემოსავლების სამართლიანი განაწილება და Hჰუმანური შრომითი ურთიერთობები, სრული დასაქმება, ფასების და ეროვნული ვალუტის მდგრადობა, ეკონომიკის სტაბილური ზრდა და სხვა. მიზანთა ამ სიმრავლეში სწორი ორიენტირების დასახვა მათ სისტემურ კლასიფიკაციას საჭიროებს, თუმცა  ამ ეტაპზე მხოლოდ იმ მიზნებს განვიხილავთ, რომლებიც ჩვენი კვლევის ინტერესებს შეესაბამება. მათ შორის გამოვყოფთ მიზნებს პრობლემათა მოცვის მასშტაბების, ეკონომიკის იერარქიული დონეების, ურთიერთდამოკიდებულების და პრიორიტეტულობის მიხედვით.

პრობლემათა მოცვის მიხედვით,ავტორის აზრით,უზენაესი სტრატეგიული და ლოკალური (ტაქტიკური)მიზნები უნდა გამოვყოთ. მათ შორის, უზენაესი სტრატეგიული მიზანი გამოხატავს საზოგადოების უმრავლესობის ინტერესებს არსებული პოლიტიკური წყობის, ღირებულებების, ეროვნული მენტალობის თუ ჰუმანიზმის პრინციპების გათვალისწინებითდა ამდენად, სოციალური პოლიტიკის ძირითად ორიენტირს წარმოადგენს. ზოგადად, ესაა - საზოგადოებრივი კეთილდღეობის უწყვეტი ზრდა. ლოკალურ (ტაქტიკურმიზნებში იგულისხმება ეკონომიკის სრულყოფის და სოციალური პოლიტიკის ცალკეული მიმართულებები, რომლებიც იმავდროულად უზენაესი სტრატეგიული მიზნის მიღწევის საშუალებებად გვევლინება. ასეთია სოციალური სამართლიანობა, სრული დასაქმება, ინფლაციის მინიმალური დონე, ეროვნული ვალუტის სტაბილურობა და სხვა. თუმცა, სიტუაციის შესაბამისად, ერთი მხრივ, ,,ბევრი მიზანი არის საშუალება უფრო მღალი დონის მიზნების მისაღწევად, მეორე მხრივ, საშუალებები არცთუ იშვიათად აბსოლუტურ მიზნამდე ამაღლდებიან” [გველესიანიგოგორიშვილი2008, გვ.30].შესაბამისად, სტრატეგიულ მიზანთა სისტემა არსებული გამოწვევების შესაბამისად უზენაესთან ერთად ლოკალურ მიზანთა ნაწილსაც მოიცავს.

რ. გველესიანი და ი. გოგორიშვილი იერარქიის (რანგის) თვალსაზრისით მიზანთა ჰორიზონტალური და ვერტიკალური დამოკიდებულების ფორმებს გამოყოფენ, რომლებიც შესაბამის მიზნებს ქმნიან [გველესიანიგოგორიშვილი2008, გვ.30]. ჰორიზონტალური დამოკიდებულებები ყალიბდება ერთი და იმავე იერარქიის, ხოლო ვერტიკალური დამოკიდებულებები - სხვადასხვა რანგის მიზნებს შორის.  

სოციალურ-ეკონომიკური მიზნების შერჩევის პროცესში განსაკუთრებით ბევრ თავსატეხს აჩენს მათი დამოკიდებულების სირთულე. ამ ნიშნის მიხედვით აუცილებელი ხდება ჰარმონიულ, დამოუკიდებელ (ნეიტრალურ), სინერგიულ, ურთიერთგამომრიცხველ (შეუთავსებად) და კონფლიქტურ-თავსებადი მიზნების იდენტიფიკაცია. მათ შორის, ჰარმონიული და ნეიტრალური მიზნები რაიმე სირთულეს არ ქმნის. სინერგიული მიზნები ხელს უწყობს თითოეულის მიღწევას და ერთმანეთს აძლიერებს. იმის გამო, რომ ურთიერთგამომრიცხველი მიზნები რაიმე კომპრომისის შესაძლებლობას არ უშვებს, პრიორიტეტი ენიჭება იმ მიზანს, რომელიც მოცემული ეტაპის პრობლემების უკეთ გადაწყვეტას უზრუნველყოფს. კონფლიქტურ-თავსებადი მიზნების ერთდროული სრულფასოვანი მიღწევა ვერ ხერხდება, რადგან ერთ-ერთის უპირატესი განხორციელება სხვებს აზარალებს და პირიქით. კონფლიქტური მიზნების პირობებში საკითხი ისმის მათი ისეთი ოპტიმალური შეხამების შესახებ, რომ მიღწეულ იქნეს მაქსიმალური ჯამური დადებითი ეფექტი, ხოლო უარყოფითი _ მინიმუმამდე შემცირდეს.

ზემოთ სოციალური და ეკონომიკური მიზნები განიხილებოდა ერთიანი განუყოფელი სახით, თუმცა რეალურ პირობებში ისინი შეიძლება ურთიერთგამომრიცხველ ან კონფლიქტურ წინააღმდეგობაში იმყოფებოდნენ. ცხადია, რომ კონფლიქტურობის პრობლემა აქაც ოპტიმალური კომპრომისის საფუძველზე გადაწყდება, ხოლო ამ მიზანთა არათავსებადობის პირობებში, ავტორის აზრით, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეკონომიკური მიზნები სოციალური მიზნების მიღწევის საშუალებას წარმოადგენს. ამიტომ უპირატესობას ამ უკანასკნელს ვანიჭებთ.

სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკურ მიზანთა ფორმირების დროს უაღრესად  პრობლემატურია მათი რანჟირება პრიორიტეტულობის მიხედვით იმ თვალსაზრისით, რომ წინააღმდეგობაში კი არ მოდიოდნენ, არამედ გააძლიერონ ერთმანეთი და სინერგიული ეფექტი გამიწვიონ. ჩვენ მიერ ამ თვალსაზრისით შედგენილ სქემაზე მიზნები დალაგებულია იერარქიული დონეების მიხედვით პრიორიტეტულობის (ზემოდან ქვემოთ), მიზეზშედეგობრივი ჯაჭვის და უზენაესი სტრატეგიული მიზნის მიღწევის საშუალებათა თანმიმდევრობის შესაბამისად (ქვემოდან ზემოთ), რომლებიც იმავდროულად განსაზღვრულ დამოკიდებულებაში იმყოფებიან (იხსქემა 1). კერძოდ, პირამიდის წვერზე იმყოფება უზენაესი სტრატეგიული მიზანი, ხოლო ქვედა დონეებზე პრიორიტეტულობის კლების მიხედვით ლოკალური (ტაქტიკური) მიზნები ისეა განლაგებული, რომ ყოველი ქვედა დონის მიზანი ზედა დონის მიზნის მიღწევას უზრუნველყოფს, რაც მთლიანობაში უზენაესი მიზნის განხორციელების ერთიან მექანიზმს ქმნის. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს ეკონომიკური მიზნების განხორციელების თანმიმდევრობა განსაზღვრულია პირამიდაზე მიზნის მიღწევის საშუალება მიზნის  რანჟირების მიხედვით ქვემოდან ზემოთ. მიზანთა ასეთი დალაგება მნიშვნელოვნად შეამცირებს მათი მიღწევის საერთო ხარჯებსა და დროს. 

იმისათვის, რომ ამ მიზნობრივმა მექანიზმმა სინქრონულად იმუშაოს და მაქსიმალური სინერგიული ეფექტის მიღწევა უზრუნველყოს, კონფლიქტური მიზნები ოპტიმალურად უხამდება ერთმანეთს როგორც ჰორიზონტალურ დონეებზე, ისე მომიჯნავე ვერტიკალური მიმართულებით. ურთიერთ გამომრიცხველი მიზნებიდან ერთ-ერთზე უარს ვამბობთ მოცემული ეტაპის გადასაწვეტი პრობლემების პრიორიტეტულობის შესაბამისად. სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების პროცესში პრიორიტეტულ მიზანთა სისტემის შერჩევა თავისი ფუნდამენტური მნიშვნელობით შეიძლება შევადაროთ ეკონომიკის ისეთი საყრდენი წერტილის მოძიებას, რომლის მეშვეობით მინიმალური ძალისხმევით ეროვნული მეურნეობის სასურველი მიმართულებით შეტრიალებაა შესაძლებელი.

სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის უზენაესი სტრატეგიული მიზანი. იმისათვის, რომ სახელმწიფოს უზენაესი სტრატეგიული მიზნის ფორმირების პროცესში თავი დავაღწიოთ პრობლემისადმი სუბიექტურ ვოლუნტარისტულ მიდგომას, უპირველესად შესაბამისი ობიექტური კრიტერიუმები უნდა იქნეს შემუშავებული. წარმატებული ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ მიზნის ჩამოყალიბების შემდეგ კრიტერიუმებს გთავაზობთ:

  • სახელმწიფო ითვალისწინებს საზოგადოების უმრავლესობის ინტერესებს, უზრუნველყოფს წინააღმდეგობრივი ინტერესების ჰარმონიზაციას და გამორიცხავს მიკერძოებულ მიდგომას რომელიმე სოციალური ჯგუფისადმი;
  • ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა _ ეკონომიკური ზრდა, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის დაჩაქრება, ბიზნესის ხელშეწყობა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ეროვნული ბიზნესის სართაშორისო კონკურენტუნარიანობის ამაღლება და სხვა, სახელმწიფოს საბოლოო უზენაესი მიზანი კი არ არის, არამედ სოციალური შედეგების მიღწევის საშუალებაა. იმ შემთხვევაში, როდესაც ეს მიზნები შეუთავსებად წინააღმდეგობაშია, უპირატესობა სოციალურს ენიჭება, ხოლო კონფლიქტური მიზნები ოპტიმალურად ეხამება;
  • მაქსიმალურადაა უზრუნველყოფილი მოსახლეობის ფართო ფენების როგორც მატერიალური კეთილდღეობა, ისე პოლიტიკური, სოციალური და სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება;
  • თითოეულ მოქალაქეს ექმნება როგორც წარმატების მიღწევის თანაბარი სამართლებრივი და სოციალური სასტარტო პირობები, ისე შემდგომი თვითრეალიზაციის ერთნაირი შესაძლებლობა მათი ნიჭის, განათლების, შრომისმოყვარეობის და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით;
  • უზრუნველყოფილია ეკონომიკურადAმიზანშეწონილი სოციალური სამართლიანობის სტანდარტი;
  • შრომითი ურთიერთობები ჰუმანურია და ოპტიმალურად ახამებს დამქირავებელთა და დაქირავებულთა ინტერესებს;
  • სოციალურ-ეკონომიკური მიზნები უცვლელი კი არაა, არამედ სისტემატურად კორექტირდება ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესაბამისად.

შემუშავებულ მიზანთა სისტემა მიიღწევა ხელისუფლების მიერ ბიზნესის აქტიური სამართლებრივი და ფინანსური მხარდაჭერით, ყოველმხრივი მოტივაციით და ეკონომიკურ პროცესებზე ეფექტური და წამახალისებელი მარეგულირებელი ზემოქმედებით. აღნიშნულიდან გამომდინარე: დემოკრატიულ ქვეყანაში სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის უზენაესი სტრატეგიული მიზანია შემოსაზღვრული რესურსებით საზოგადოებრივი დოვლათის წარმოებისა და კერძო ბიზნესის მხარდაჭერის გზით მოსახლეობის ყველა ფენის მუდმივად მზარდ მატერიალურ და სულიერ მოთხოვნილებათა რაც შეიძლება სრულად დაკმაყოფილება ეკონომიკურად მიზანშეწონილი სოციალური სამართლიანობის დაცვის პირობებში. გერმანელი ეკონომისტი რ. კლუმპი სახელმწიფოს უზენაესი ეკონომიკური მიზნის აუცილებელ პარამეტრებად მიიჩნევს ეკონომიკური თავისუფლებისა და თანასწორობის ხარისხს [კლუმპი, 2015, გვ.200]. 

ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ამა თუ იმ ეტაპისგამოწვევების, ორიენტირების და ფორსმაჟორული პირობების შესაბამისად (ომი, მეურნეობივი კრიზისი, ბუნებრივი კატასტროფები და სხვა) უზენაესი მიზანი კონკრეტდება, ძლიერდება ესა თუ ის ლოკალური მიზანი და ემატება ახალი.

ამდენად, არსებობს მიზანთა მთელი სისტემა, რომელიც შერჩეული სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის მიხედვით შეიძლება ფართო დიაპაზონში იცვლებოდეს, ჯერ ერთი, ეკონომიკის განვითარების შესაბამისად და მეორე, ახლად წამოჭრილი პრობლემების გამო. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, მიზანთა შერჩევა დამოკიდებული იქნება ეკონომიკის მიღწეულ დონეზე, საშინაო და საგარეო გამოწვევებზე, ქვეყნის დემოკრატიის ხარისხზე, მოსახლეობის პოლიტიკურ კულტურასა და ორიენტაციაზე და სხვა. შესაბამისად, განვითარების მოცემული ეტაპის ობიექტური ფაქტორების ზემოქმედებით ესა თუ ის ლოკალური მიზანი ან მიზანთა განსაზღვრული კომბინაცია ხდება პრიორიტეტული. 

3. სოციალური ეკონომიკის საწინააღმდეგო და მხარდამჭერი არგუმენტები

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-4 მუხლით საქართველო სოციალური სახელმწიფოა, პოლიტიკოსთა კონსერვატიული განწყობის გამო შესატყვისი ეკონომიკის ჩამოყალიბებისათვის ჯერჯერობით არაფერი კეთდება. როგორც ხელისუფლებაში, ისე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებში სოციალური ეკონომიკის მოწინააღმდეგეები ყურადღებას ამახვილებენ მის თითქოსდა დაბალ ეფექტიანობასა და ზრდის ნაკლებ პოტენციალზე, რომლის მიზეზებად სახელდება:

პირველი, სოციალური სამართლიანობის თვალსაზრისით შემოსავლების გამოთანაბრება ახშობს იმ უნარიან და ენერგიულ ადამიანთა მოტივებს, ვის ხარჯზეც სოციალური პროგრამები ხორციელდება. ამასთან, აქტიური საქმიანობისადმი იმათი  დაინტერესებაც ქვეითდება, ვინც დახმარებას იღებს;

მეორე, სოციალური პოლიტიკის ფინანსური საფუძველია ბიზნესის გაზრდილი გადასახადები, რომელიც მისსავე განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უნდა მოხმარებოდა;

მესამე, ბიზნესში შრომითი დასოციალური ურთიერთობების საკანონმდებლო რეგლამენტაცია ზღუდავს სამეწარმეო თავისუფლებას, რაც ბიზნესის  რაოდენობრივი ზრდის და თვისებრივი სრულყოფის მუხრუჭად იქცევა;

მეოთხე, სოციალური ხარჯების დასაფინანსებლად მაღალრენტაბელური ფირმები და ინიციატივიანი მდიდარი ადამიანები პროგრესიულად გაზრდილ გადასახადებს იხდიან. ამდენად, გამოდის, რომ მათ წარმატებული საქმიანობისათვის სჯიან, რაც ასევე ახშობს ბიზნესის განვითარების მოტივებს და ამცირებს მის ეფექტიანობას.

ამ სტანდარტულ მოსაზრებათა კონტრ არგუმენტებია:

პირველი, სოციალური ეკონომიკა უზრუნველყოფს არა დოლათის გათანაბრებით განაწილებას, რადგან ეს თავისთავადაა უსამართლობა, არამედ ქმნის წარმატებისა და კეთილდღეობის მიღწევის თანაბარ შესაძლებლობებს მოქალაქეთა ინიციატივის, განათლების, კრეატიულობის, შრომისმოყვარეობის და პასუხისმგებლობის შესაბამისად. ამ ნიშნით: სოციალურ ეკონომიკაში შემოსავლები ნაწილდება არათანაბრად, არამედ სამართლიანად;

მეორე, რამდენადაც სოციალური ეკონომიკა ემყარება მონაწილეთა მოტივირებულ, წარმატებულ საქმიანობას და ზრდად შემოსავლებს, შემწეობა ესაჭიროება მხოლოდ მათ, ვინც შრომის უნარს ან მისი გამოყენების შესაძლებლობას საერთოდ ან დროებით მოკლებულია;

მესამე,სოციალური უთანასწორობის პირობებში კიდევ უფრო გამდიდრებულ ადამიანთა ფენა თავისი შემოსავლების მზარდ ნაწილს წარმართავს არა მოხმარებაზე, არამედ დანაზოგებზე. ამავე მიზეზის გამო შესაბამისად იკლებს მოსახლეობის საშუალო და ღარიბი ფენების მოხმარება, რაც ამცირებს ერთობლივ მოთხოვნას და ამდენად, ეკონომიკურ ზრდას ამუხრუჭებს;

მეოთხე, შემოსავლების უსამართლო განაწილება და ასეთივე შრომითი ურთიერთობები იწვევს კონფლიქტებს, გაფიცვებს, გულგრილ დამოკიდებულებას საქმისადმი და ახშობს ნაყოფიერი შრომის მოტივებს, რასაც სოციალურ ხარჯებსა და დამატებით გადასახადებზე გაცილებით მეტი ზარალი მოაქვს. ამას ემატება ნიჰილისტური დამოკიდებულება საერთო ეროვნული იდეალებისადმი და ანტაგონიზმი სოციალურ ფენებს შორის, რაც კიდევ უფრო დიდი ზიანის მომტანია - ეროვნული ენერგია ხმარდება არა სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას, არამედ დაპირისპირებასა და ნგრევას. ამდენად,სოციალური უსამართლობა და მოტივაციის დაბალი დონე თრგუნავს ადამიანთა შემოქმედებით პოტენციალს და ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობებს ზღუდავს. მისი ერთ-ერთი შემაშფოთებელი შედეგი ისიცაა, რომ ადამიანებში ყალიბდება განცდა,რომ სამშობლო წაართვეს და იგი მხოლოდ მათ ეკუთვნით, ვინც მისი სიკეთეებით სარგებლობს;

მეხუთე,უზომოდ გამდიდრებული ბიზნესისათვის გაზრდილ გადასახადებზე უარის თქმა და ამ საფუძველზე დამკვიდრებული სოციალური უთანასწორობა საზოგადოებაში იწვევს უსამართლობის განცდასა და პროტესტს, პროვოცირებას უკეთებს სოციალურ ამბოხს, აგრესიას და კრიმინოგენული ვითარების გაუარესებას. ეს კი აქრობს შიდასამეწარმეო საინვესტიციო მოტივებს და ააფერხებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვასაც;  

მეექვსეუცხოური ინვესტიციების და ადგილობრივი ბიზნესის წახალისების მიზნით ხელისუფლების მცდელობა, დააკანონოს უსამართლო სოციალური და შრომითი ურთიერთობებები, გარდაუვალად წარმოშობს სახიფათო სოციალურ საქვეყნო რისკებს, რაც აფრთხობს პოტენციურ  ინვესტორებს; 

მეშვიდე, სოციალური კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად სახელმწიფო იძულებულია შეინახოს ძვირადღირებული საპოლიციო აპარატი მაშინ, როდესაც შესაბამისი ხარჯების სოციალურ საჭიროებებზე წარმართვით თავიდან აიცილებდა ისეთ დაპირისპირებას, რაც ერთდროულად ეფექტურიც იქნებოდა და ჰუმანურიც;

მერვე, ბიზნესის გადასახადებით სოციალური პროგრამების დაფინანსება, მათ შორის განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში, არაპირდაპირი სარგებლის ფორმით საბოლოოდ ისევ ბიზნესზე ახდენს კეთილისმყოფელ გავლენას;

მეცხრე, მსხვილი ბიზნესის ზერენტაბელობა უპირატესად გამოწვეულია არა განსაკუთრებული სამეწარმეო უნარებით, არამედ ,,მასშტაბის ეფექტით’’ და მონოპოლიური მდგომარეობით. შესაბამისად, იგი ჯანსაღი კონკურენტული ფირმებისა და მოსახლეობის პირდაპირი თუ ირიბი ძარცვით კაპიტალის ერთეულზე გაცილებით მეტ მოგებას იღებს, ვიდრე სამართლიანი მეწარმეობითაა შესაძლებელი. შესაბამისად, მსხვილი ბიზნესიდან პროგრესიული გადასახადების ფორმით ზემოგების ნაწილის ამოღება უსამართლობა კი არ არის, არამედ წმინდა ეკონომიკური, პოლიტიკური და ზნეობრივი თვალსაზრისით სავსებით ლოგიკური დასამართლიანია. მთავარია, რომ მსხვილ ბიზნესს გადასახადების განაკვეთები დაუწესდეს ისეთი ოპტიმალური ზომით, რომ კანონიერი გზით მისი ხარისხობრივი და რაოდენობრივი განვითარების მოტივები არ ჩაახშოს; 

მეათე, რამდენადაც სოციალური ეკონომიკა თავისი ბუნებით შერეული და მრავალწყობიანია, სხვადასხვა მოდელის პროგრესული კომპონენტების და საკუთრების ფორმათა რაციონალური შერწყმით უზრუნველყოფს თავისუფალი ბაზრის უპირატესობათა სრულად გამოყენებას, ხოლო მისი უარყოფითი თანამდევი ეფექტების მინიმუმამდე დაყვანას;

მეთერთმეტე, ცალკეულ სოციალურ ფენებს, საზოგადოებას, სახელისუფლებო ინსტიტუციებსა და ბიზნესს შორის ჰარმონიული ურთიერთობები განაპირობებს დამატებით ურთიერთგამაძლიერებელ სინერგიულ სოციალურ-ეკონომიკურ ეფექტს, რაც ამ მოდელს, სხვებთან შედარებით, გადამწყვეტ უპირატესობას ანიჭებს. ეს ეფექტი პირველ რიგში ბიზნესის საქმიანობის შედეგიანობაზე აისახება, რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებითი სოციალური ხარჯები და გადასახადები გაცილებით მეტი შემოსავლების ფორმით პირდაპირ თუ ირიბად კვლავ მასვე უბრუნდება. ამ თვალსაზრისით,Y ბიზნესი ,,მუქთი მეწველი ძროხის’’ როლში კი არ გამოდის, არამედ გაღებული ხარჯების სანაცვლოდ ადეკვატურ სარგებელს იღებს;

მეთორმეტე, მთლიანობაში ბიზნესისა და სახელმწიფოს მიერ ამ დანიშნულებით გაწეული სახსრები იღებენ ,,სოციალური ინვესტიციების’’ ფორმას შესაბამისი ,,სოციალური სარგებლით’’, რომელიც შესაძლოა სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებულ მოგებასაც კი აღემატებოდეს. ამაზე მეტყველებს იმ სოციალური სახელმწიფოების ეკონომიკის ეფექტიანობა და ზრდის მაღალი ტემპები, სადაც ეს მოდელი შესაბამისი პრინციპების სრული დაცვით ფუნქციონირებს. თუ აქტიური სოციალური პოლიტიკის გამოყენებით ისინი ,,ეკონომიკურ ვეფხვებად’’ გადაიქცნენ, ლიბერტარიანიზმის იდეოლოგიაზე დაფუძნებულმა ჩვენმა ეკონომიკამ კარგა ხნით ჩაგვტოვა ჩამორჩენილთა რიგებში;

მეცამეტე, თანამედროვე მსოფლიოში ლიბერალური ეკონომიკა იმ ფორმით, როგორადაც ეს ჩვენში წარმოუდგენიათ, მისი დაუძლეველი ნაკლოვანებების გამო, უკვე პოლიტეკონომიკურ ანაქრონიზმად იქცა და, ამდენად, აღარ არსებობს. მე-20 საუკუნის ოცდათიანი წლებიდან ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების ეკონომიკა გახდა რეგულირებადი, დაფუძნებული ჯ. კეინზის კონცეფციაზე. ორმოცდაათიანი წლებიდან რეგულირების კომპონენტს დაემატა სოციალური ორიენტაციის და მრავალწყობიანობის ელემენტები, შემუშავებული ევროპელი ეკონომისტების - გერმანელი ლ. ერჰარდის, შვედი გ. მიურდალის, დიდ ბრიტანელი უ. ბევერიჯის და სხვათა მიერ. მომდევნო პერიოდში კი  სულ უფრო ძლიერდება ეკონომიკის ინოვაციური განვითარების ტენდენცია.

ამჟამად ევროპის ყველა ქვეყანასა და დანარჩენი მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში ფუნქციონირებს კონსტიტუციურად დაკანონებული, ინსტუტუციურად ჩამოყალიბებული და ეფექტიანად ფუნქციონირებადი მაღალ განვითარებული სოციალური ეკონომიკა. იგი იმავდროულად მეტ-ნაკლები ზომით არის რეგულირებადი, შერეული, მრავალწყობიანი და ინოვაციური. 

განხილულ გარემოებათა გათვალისწინებით, ,,ლიბერტარიანიზმი’’ - ესაა ეკონომიკური ანარქიზმისა და სოციალურ-ეკონომიკური ქაოსის იდეოლოგია, რომელიც ცივილიზებულმა ქვეყნებმა უარყვეს მისი დაუძლეველი კატასტროფული შედეგების გამო. განსაკუთრებით საგანგაშოა ის გარემოება, რომ ჩვენში ამ ,,ეკონომიკური ჯართის’’ გამოცოცხლებას ჯერ კიდევ უიმედოდ ცდილობენ.

სოციალური ეკონომიკის დამკვიდრების კიდევ ერთი არგუმენტია მისი დადებითი გავლენა დემოგრაფიულ ვითარებაზე. იმის გამო, რომ თვითდინებაზე მიშვებული აულაგმავი ბაზარი პერმანენტულად წარმოშობს სიღარიბესა და სოციალურ უსამართლობას, მცირდება შობადობა და იზრდება ბავშვთა სიკვდილიანობა, მოსახლეობის დიდი ნაწილი კი, რომელიც ვერ უძლებს მისთვის დამახასიათებელ უსამართლობას, იძულებულია იმ ქვეყნებში ემიგრირდნენ, სადაც ეს პრობლემები გადაჭრილია. ამ თვალსაზრისით, ლიბერალური ეკონომიკა თავისი ბუნებით ,,სოციალურიგენოციდის’’ ეკონომიკაა.

ჩვენში სოციალური ეკონომიკის დამკვიდრებას ხელს უშლის მასზე კიდევ ერთი მცდარი ზედაპირული შეხედულება. კერძოდ, ჩვენში პოლიტიკოსების, პოლიტოლოგების და ეკონომისტების დიდი ნაწილი ამტკიცებს,  რომ აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება მხოლოდ მაღალგანვითარებული ეკონომიკის პირობებშია შესაძლებელი. თუმცა, როგორც საერთაშორისო გამოცდილება მეტყველებს, სავსებით სამართლიანია საპირისპირო მტკიცებაც - ცხოვრების სათანადო დონის, სოციალური სამართლიანობის და შესაბამისი შრომითი მოტივაციის გარეშე მძლავრი ეკონომიკა ვერ აშენდება. საყოველთაო სოციალური ჰარმონია, მოსახლეობის ყველა ფენის მოტივირებული ერთობლივი ძალისხმევა და ამ ფაქტორებით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური სინერგიული ეფექტია ის ფუნდამენტური ფაქტორი, რომელსაც შეუძლია ეკონომიკა მოკლე დროში დააყენოს ფეხზე. შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონესა და სოციალურ პოლიტიკას შორის ორმხრივი მიზეზშედეგობრივი კავშირი არსებობს: ეფექტური სოციალური პოლიტიკა უშუალოდ განსაზღვრავს ეკონომიკურ პროგრესს, ხოლო ამ გზით მომძლავრებული ეკონომიკა საყოველთაო კეთილდღეობის მატერიალურ და ფინანსურ პირობებს ქმნის. შესაბამისად, სოციალურ ეკონომიკური რეფორმა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, როდესაც გარდაქმნები ორივე მიმართულებით სინქრონულად წარიმართება. 

ამ ფონზე ჩვენთან სოციალურ პრობლებატიკაზე საჯარო საუბარსაც კი პოლიტიკოსების უმრავლესობა ,,მარქსისტულ მკრეხელობად’’ და ,,პატერნალიზმის’’ პროპაგანდად მიიჩნევს. ეკონომიკის სოციალიზაციის საყოველთაო ტენდენციის პირობებში ლიბერალური ეკონომიკის გაიდეალება - ესაა ცურვა ისტორიის დინების საწინააღმდეგოდ, რომელიც ქვეყანას საბოლოოდ გამოუვალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ჩიხში შეიყვანს და სამუდამოდ ჩაგვტოვებს ჯუნგლის კანონებზე დაფუძნებულ მე-19 საუკუნის ველურ კაპიტალიზმში. 

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მსოფლიოში ლიბერალური ეკონომიკა აშკარა ანაქრონიზმად გადაიქცა, მისი გამოყენება საკმაოდ კარგ შედეგებს იძლევა ტოტალიტარულიდან საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში ან ღრმა სისტემურ კრიზისში მყოფ ქვეყნაში, როგორც ბიზნესის გამოცოცხლების საშუალება. თუმცა, თუ დროულად არ მოხდა რეგულირებად სოციალურ ეკონომიკაზე გადასვლა, თავის შესაძლებლობათა ამოწურვის გამო, იგი განვითარების მუხრუჭად იქცევა. სწორედ ამ გარემოებით აიხსნება ,,ნაციონალური მოძრაობის’’ ხელისუფლების პერიოდში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, ხოლო შემდეგ _ ,,ქართული ოცნების’’ ჩავარდნები, რომელმაც ჩათვალა, რომ იმავე პოლიტიკით თვითონაც წარმატებებს მიაღწევდა. 

4. სოციალური ეკონომიკის მოდელის შერჩევა

სოციალურ ეკონომიკაზე გადასვლის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა მისი ისეთი იდეალური მოდელის შერჩევაა, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური ჩამორჩენის მოკლე ვადაში დაძლევას და ცხოვრების დონის ევროპული სტანდარტების მიღწევას. ქართველ სწავლულ ეკონომისტთა დიდი ნაწილის დასაბუთებით, საქართველოს ეროვნული, ისტორიული, სოციალური, პოლიტიკური ტრადიციებიდან და განვითარების პერსპექტივებიდან გამომდინარე, სოციალურ საბაზრო ეკონომიკას ალტერნატივა არა აქვს [თეთრაული, 2000: 2-29], [სანთელაძე, 2000: გვ. 27-55], [ალფ. კურატაშვილი, ჟ. ,,ეკონომისტი’’, 2017,NN 2, გვ. 53], [ანზ. კურატაშვილი, ჟ. ,,ეკონომისტი’’, 2011, N N2, გვ. 33], [ჩიქავა,  2000: გვ. 5-26], [ჭითანავა, 2008: გვ. 4-336], [ხიზანიშვილი, ჟ.  ,,ეკონომისტი’’, 2012, NN1, გვ. 37], თუმცა მათ შორის რომელი მოდელი უნდა შეირჩეს, ჯერ კიდევ გადასაწყვეტია.

შესაბამისად, ქვეყანაში სოციალური ეკონომიკის ფორმირების საწყისი ეტაპი მისი ისეთი პროგრესული მოდელის დასაბუთებაა, რომელიც მაქსიმალურად გაითვალისწინებს: ერთი მხრივ, ქვეყანაში ჩამოყალიბებულ რეალობას, მათ შორის, ეკონომიკის განვითარების მიღწეულ დონეს, სოციალურ ურთიერთობათა ტრადიციებს, ეროვნულ მენტალობას, ეთნოფსიქოლოგიას და მათი პროგრესული განვითარების შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, იმ ქვეყნების სასარგებლო გამოცდილებას, რომლებმაც ამ მიმართულებით შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწიეს.

პირველ რიგში კი გასარკვევია, ამჟამად რომელ მოდელს ვიყენებთ.

მსოფლიოში წარსულისა და ამჟამინდელი სოციალურ-ეკონომიკური მოდელების შესწავლამ გვიჩვენა, რომ ჩვენთან დამკვიდრებული სოციალური წყობა ყველაზე მეტად შეესაბამება არქაულ ,,მონეტარულ მოდელს’’, რომელიც განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებში მე-20 საუკუნის ოცდაათიან წლებამდე გამოიყენებოდა. მისი იდეოლოგიური საფუძველი იყო საბაზრო მექანიზმის უნივერსალური მარეგულირებელი როლის იდეა და შესაბამისად, სოციალურ ურთიერთობებში სახელმწიფოს მინიმალური ჩარევა. ამასთან, სახელმწიფო არ არეგულირებდა შრომით ურთიერთობებს, მინიმალურ ხელფასს, სამუშაო დღის ხანგრძლივობას, უმუშევრობას, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებას და სხვა. ეს გარემოებები თვით ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში განაპირობებდა სიღარიბის და უმუშევრობის მაღალ დონეს ისეთი პოლიტიკურ-ეკონომიკური და სოციალური რისკების თანხლებით, რომელმაც მსოფლიოს მომავალსაც კი შეუქმნა საფრთხე (რეაქციული კომუნისტური თუ ფაშისტური რეჟიმების დამყარება მსოფლიოს უდიდეს ნაწილში, მათ მიერ გაჩაღებული მეორე მსოფლიო ომი და უდიდესი ადამიანური და მატერიალური დანაკარგი). ამ გარემოების გამო მონეტარული მოდელი საბოლოოოდ იქნა  უარყოფილი და იმავე წლების მეორე ნახევრიდან მსოფლიოს უდიდეს ნაწილში   განხორციელდა რეგულირებად ეკონომიკაზე, ხოლო ორმოცდაათიანი წლებიდან  სოციალურ ეკონომიკაზე თანდათანობითი გადასვლა.

ამჟამად თანამედროვე მსოფლიოში, მათ შორის ევროპის ქვეყნებში გამოყენებულ სოციალური ეკონომიკის მრავალ მოდელს შორის ფართო არჩევანის შესაძლებობა გვაქვს. ესაა: სოციალ-დემოკრატიული ანუ საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელი (შვეცია, ნორვეგია, ფინეთი და დანია); კონსერვატიული სოციალურ-საბაზრო მოდელი (გერმანია, საფრანგეთი); ნეოლიბერალური მოდელი (დიდი ბრიტანეთი, აშშ); კორპორაციული მოდელი (იაპონია) და სხვა. როდესაც არსებობს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მოწყობის ვარიანტთა ასეთი მრავალფეროვნება, მიზანშეწონილია ორიენტაცია ავიღოთ ეტალონად მიჩნეულ შვედურ ,,საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს’’ მოდელზე, რომელიც კომპლექსურად უზრუნველყოფს ცხოვრების საუკეთესო სტანდარტებს, სოციალური დაცულობის ოპტიმალურ დონეს, სრულ დასაქმებას, ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და მაღალ ეფექტიანობას. ამასთან, შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა მოდელების დადებითი მხარეებიც.

მე-3 ცხრილში წარმოდგენილია  საქართველოს  სოციალური მაჩვენებლები 2005-2017 წლების მიხედვით _ ხელფასის, სოცუზრუნველყოფის,  ჯანდაცვის და განათლების ხარჯების წილი მშპ-ში %-ში და შესაბამისი საერთაშორისო ნორმატივები. ანალიზი გვიჩვენებს, რომ მინიმალურ სტანდარტებს ჯერ კიდევ საგრძნობლად ჩამოვრჩებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ მშპ-ში სოციალური უზრუნველყოფის ხარჯების წილის 3.5 პროცენტული პუნქტით გასაზრდელად 18 წელი დაგვჭირდა, არსებული ტენდენციის პირობებში მინიმალურ ნორმატივს _ 20%-ს სულ ცოტა 40 წელი ვერ მივაღწევთ.

ცხრილი 3. საქართველოს სოციალური მაჩვენებლები 2005-2017 წლებში

და მათი შესაბამისობა საერთაშორისო ნორმატივებთან* 

 *საქართველოს სოციალური მაჩვენებლები გამოთვლილია ფინანსთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე. შესაბამისი საერთაშორისო ნორმატივები მოყვანილია წყაროდან: სოციალური პოლიტიკა, ე. ხოლოსტოვას და გ. კლიმანტოვას რედაქციით, რუსულ ენაზე, მოსკოვი, გვ. 105.

ამჟამად სოციალური რეფორმებისათვის საქართველოს არ გააჩნია ისეთი ხელსაყრელი სასტარტო პირობები, როგორიც ჰქონდათ ევროპის ქვეყნებს, მაგრამ უკვე არსებობს მათ მიერ საფუძვლიანად დამუშავებული კონცეფციები, სტრატეგიული გეგმები და პრაქტიკით მრავალგზის შემოწმებული გამოცდილება, რომელიც, ჩვენი ეროვნული თავისებურებების გათვალისწინებით, შეიძლება შემოქმედებითად გადამუშავდეს. 

5. სოციალური ეკონომიკის ჩამოყალიბების ეტაპები

სოციალურ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა მოითხოვს რადიკალური სისტემური რეფორმების განხორციელებას, რომელიც, რეფორმირებული ქვეყნების პრაქტიკიდან გამომდინარე, შემდეგ თანმიმდევრულ ეტაპებს მოიცავს:

პირველი, კვალიფიციურ ექსპერტთა გუნდის ჩამოყალიბება და რეფორმის კონცეფციის შემუშავება, სადაც ანალიზდება არსებული სოციალური პოლიტიკა, საბუთდება სოციალურ ეკონომიკაზე გადასვლის აუცილებლობა და შეირჩევა მისაღები მოდელი, იკვეთება მისი ძირითადი მისია, სტრატეგიული და ლოკალური მიზნები, ფუნქციები, დასახულ მიზანთა მიღწევის საშუალებები, სოციალური პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები, აგებისა და ფუნქციონირების პრინციპები და სხვა;

მეორე, კომპლექსური ტრადიციული და -ანალიზი, რომელიც შერჩეული მოდელის განხორციელების რეალურობის თვალსაზრისით გამოავლენს ქვეყნის ეკონომიკის, პოლიტიკის და მოსახლეობის ეთნოფსიქოლოგიის ძლიერ და სუსტ მხარეებს, წარმატების მიღწევის შესაძლებლობებს, განვითარების შიდა და გარე საფრთხეებს;

მესამე, შესაბამისი სტრატეგიული გეგმის შედგენა, რომელიც უზრუნველყოფს სათანადო ბალანსის დაცვას, ერთი მხრივ, საბაზრო მექანიზმს, ეკონომიკის სახელმწიფოებრივ რეგულირებას და ეკონომიკის სოციალურ ორიენტაციას, ხოლო მეორე მხრივ, მეწარმეებისა და მოსახლეობის სხვა ფენების ინტერესებს შორის. მასში დეტალიზდება კონცეფციის ძირითადი პარადიგმები, პრიორიტეტული სტრატეგიული და ლოკალური მიზნები, რესურსობრივი უზრუნველყოფა, გეგმის ნაწილები სოციალური პოლიტიკის ცალკეულ მიმართულებათა მიხედვით და სხვა;

მეოთხე, ახალი მარეგულირებელი სოციალური საკანონმდებლო ბაზის შექმნა და შესაბამისი სახელმწიფოებრივი ინსტიტუციების ჩამოყალიბება, რომელიც გაითვალისწინებს ბიზნესის მაქსიმალურ ხელშეწყობას, კონკურენციის განუხრელ დაცვას, ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირების კოორდინაციას, საგადასახადო სისტემის დახვეწას მისი სოციალური და მოტივაციური ფუნქციების გაძლიერების მიმართღულებით, შრომითი ურთიერთობების ჰუმანიზაციას, სოციალური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და სხვა;

მეხუთე, მოსახლეობის ყველა ფენის მენტალური მომზადება რეფორმებისათვის და დასაბუთება-დარწმუნება, რომ იგი თითოეულის ინტერესებს შეესაბამება;

მეექვსე, ინფრასტრუქტურის მთელი სპექტრის ფორმირება სოციალური პოლიტიკის თითოეული მიმართულების შესაბამისად;

მეშვიდე,სტრატეგიული გეგმის განხორციელება და მისი უწყვეტი კორექტირება ახლი გარემოებების და პრობლემების გათვალისწინებით;

მერვე, კონტროლის ქმედითი მექანიზმის შექმნა, რომელიც არა მარტო გეგმიდან გადახრებს გაანეიტრალებს, არამედ მოსალოდნელი კრიზისული სიტუაციების პრევენციასაც მოახდენს. 

6. სოციალური ეკონომიკის ჩამოყალიბების წინაპირობების ანალიზი საქართველოში

-ანალიზის პარადიგმულ საფუძვლად შეიძლება მივიჩნიოთ დებულება: შერჩეულმა მოდელმა ქვეყნის ადამიანურ-ინტელექტუალური, ბუნებრივი, ეკონომიკური და სოციალური გარემოს ძლიერი და სუსტი მხარეების, მოსალოდნელი ხელსაყრელი შესაძლებლობებისა და საფრთხეების გათვალისწინებით უზრუნველყოს პრიორიტეტულ სოციალურ-ეკონომიკურ მიზანთა მიღწევა. მათ შორის, შიდა რესურსები საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, სრულად იქნეს გამოყენებული არსებული რეზერვები და პერსპექტიული შესაძლებლობები, ხოლო, მეორე მხრივ, ნაკლები დანახარჯებით განეიტრალდეს ნეგატიური ფაქტორები და მოსალოდნელი საფრთხეები.

რეფორმის ხელშემწყობი ძლიერი მხარეები. ძლიერი მხარებიდან პირველ რიგში უნდა გამოვყოთ ის გარემოებანი, რომლებიც ერთობლივად დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევის პირობებს შექმნის. ესაა ეკონომიკური, ინტელექტუალურ-კომპეტენციური და სოციალურ-ფსიქოლოგიური ფაქტორები.

საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური რეფორმის ხელშემწყობი ეკონომიკური  ფაქტორებიდან უმთავრესია:

  • ხელსაყრელიგეოსტრატეგიული მდებარეობა და სწრაფად განვითარებადი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, რაც შესაბამისი ბიზნესის განვითარების და ქვეყნის ლოგისტიკურ ჰაბად გადაქცევის შესაძლებლობას ქმნის;
  • ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება;
  • მსოფლიოში ერთ-ერთი დაბალი საგადასახადო ტვირთი, რაც ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების წახალისებას უწყობს ხელს;
  • რეინვესტირებული მოგების გათავისუფლება გადასახადისაგან;
  • იაფი მუშახელი, დაუმუშავებელი ნაყოფიერი მიწა და სოფლის მეურნეობისათვის ხელსაყრელი ბუნებრივ-კლიმატური პირობები;
  • კრიმინალის და კორუფციის შედარებით დაბალი დონე.

რეფორმის ხელშემწყობი ინტელექტუალური და კომპეტენციური ფაქტორებია:

  • ქართველი ეთნოსის მაღალი ინტელექტუალური პოტენციალი;
  • პოლიტოლოგიაში, ეკონომიკაში, სამართალმცოდნეობაში, ფსიქოლოგიასა და რეფორმასთან დაკავშირებულ მეცნიერების სხვა მიმართულებში მეცნიერთა კვალიფიციური კადრები და შესაბამისი კვლევითი ტრადიციების არსებობა;
  • საბუნებისმეტყველო-ტექნიკურ მეცნიერებათა  განვითარების  საკმარისი დონე, რომელიც უზრუნველყოფს ფუნდამენტის მომზადებას უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინოვაციური ეკონომიკის ფორმირებისათვის.

რეფორმის ხელის შემწყობი სოციალურ-ფსიქოლოგიური და მენტალური ფაქტორებია:

  • სათანადო მოტივაციის პირობებში საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ერების, უპირველესად ქართველთა შრომისმოყვარეობა;
  • ნაკლებად კონფლიქტური ურთიერთობები სოციალურ ფენებს შორის, ურთიერთდახმარების და შრომითი სოლიდარობის ტრადიციები;
  • პატრიოტიზმი, როგორც საერთოეროვნული ალტრულისტული განწყობა,

მიმართული სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაზე;

  • ქართველთა ტოლერანტობა ქვეყანაში მცხოვრებ სხვა ერებთან;
  • სამართლიანი სოციალური ურთიერთობების და ქველმოქმედების ტრადიციების არსებობა.

რეფორმის ხელისშემშლელი სუსტი მხარეებიეროვნული ეკონომიკის სუსტ მხარეებში იგულისხმება მრავალფეროვანი ნეგატიური ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუშალონ დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევას:

  • ლიბერტარიანიზმის იდეოლოგიაზე დამყარებული სუსტი ეკონომიკური პოლიტიკა და სახელმწიფო ინსტიტუციების სისუსტე;
  • დაბალი პოლიტიკური კულტურით და მყიფე დემოკრატიით განპირობებული პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა;
  • ხელისუფლების და მსხვილი ბიზნესის ნეგატიური ურთიერთჩარევა;
  • ქონებისა და შემოსავლების უსამართლო განაწილებით და გაუმართავი შრომითი კანონმდებლობით გამოწვეული შრომითი მოტივაციის დაბალი დონე;
  • სასარგებლო წიაღისეულის საბადოების, მატერიალურ-ტექნიკური, ტექნოლოგიური და ფინანსური რესურსების ნაკლებობა;
  • არასაკმარისი ადგილობრივი თუ უცხოური ინვესტიციები და მისი ალტერნატიული წყაროების უქონლობა, რასაც განაპირობებს საბანკო ბიზნესის მიერ მონოპოლიზებული საფონდო და სავალუტო ბაზარი;
  • ეკონომიკის განვითარების შემაფერხებელი არქაული მოუქნელი საგადასახადო სისტემა და სახელმწიფოს სუსტი ფისკალური პოლიტიკა;
  • ინოვაციების დანერგვის ნაკლები მოტივებით განპირობებული ეროვნული ბიზნესის დაბალი საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა;
  • ეკონომიკის ცალკეულ დარგებში კონკურენციის შეზღუდვა და მონოპოლიზმი;
  • ბიზნესსა და საჯარო სექტორში დასაქმებული კადრების კვალიფიკაფიის დაბალი დონე და გაუმართავი მენეჯმენტი;
  • ეკონომიკის დოლარიზაციის მაღალი დონე და ეროვნული ვალუტის კურსის არასტაბილურობა. საგარეო ვალის ზრდის ტენდენცია, უარყოფითი საგადამხდელო და სავაჭრო ბალანსები.

რეფორმის ხელისშემშლელი ინტელექტუალური და კომპეტენციური ფაქტორებია:

  • გაუმართავი საგანმამათლებლო სისტემა, მისი არასაკმარისი დაფინანსება და ახალგაზრდა სპეციალისტების კვალიფიკაციის დაბალი დონე;
  • ხელისუფლების უყურადღებობა მეცნიერებისადმი, მათ შორის იმ მიმართულებებში, რომლებიც აუცილებელია რეფორმების განხორციელებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის დაჩქარებისათვის;
  • სახელისუფლებო და ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში რეფორმატორული განწყობის უქონლობა და ლიბერტარიანიზმის არქაული იდეოლოგიის პრიმატი;
  • მოსახლეობის ეკონომიკური და პოლიტიკური ცნობიერების დაბალი დონე;
  • კვალიფიციური სახელმწიფო მოხელეების და სამუშაო ძალის დეფიციტი.

რეფორმის ხელისშემშლელი სოციალურ-ფსიქოლოგიური და მენტალური ფაქტორებია:

  • ხელისუფლებათა უსამართლო სოციალური პოლიტიკით გამოწვეული სოციალურ-ფსიქოლოგიური აპათია და ოპტიმიზმის დეფიციტი;
  • ხელისუფლებისა და პოლიტიკური ოპოზიციის უსაგნო დაპირისპირება და ეროვნული ენერგიის კონტრპროდუქტიული ხარჯვა;
  • პოლიტიკოსების, მეწარმეების და მოსახლეობის გადაჭარბებული მიდრეკილება მოძველებული ტრადიციებისადმი და ინოვაციებისადმი ნაკლები განწყობა;
  • ხელისუფლებაში მოსული პარტიების მიერ გაცემული დაპირებების შეუსრულებლობით გამოწვეული უნდობლობა პოლიტიკური სპექტრისადმი;
  • ხანგრძლივი ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო და სოციალური წარუმატებლობით გამოწვეული ეროვნული არასრულფასოვნების კომპლექსი.

ახალი შესაძლებლობები.  აქ იგულისხმება რეფორმირების პროცესში ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ სივრცეში მოსალოდნელი ხელსაყრელი გარემოებანი:

  • ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების სრულად გამოყენება;
  • ქვეყანაში გეოთერმული ენერგიის მარაგები, რომელთა ამოქმედება შესაძლებელს გახდის დაიზოგოს იმპორტირებული გაზი;
  • ქარისა და მზის ენერგიის გამოყენების დიდი პოტენციალი;
  • სოციალური ეკონომიკის დამკვიდრებით და შესაბამისი საზოგადოებრივი ჰარმონიით განპირობებული მოსალოდნელი ზრდადი სამეწარმეო და შრომითი მოტივაცია, როგორც ეკონომიკური ზრდის დამატებითი ფაქტორი.

მოსალოდნელი საფრთხეები. მოსალოდნელ საფრთხეებში გაიგება რეფორმირების პროცესში წარმოშობილი არახელსაყრელი გარემოებები, რომლებსაც შეუძლიათ შეაფერხონ ეკონომიკის განვითარება, გააუარესონ ეროვნული ბიზნესის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა და გამოიწვიონ კრიზისული სიტუაციები:

  • რუსეთის მხრიდან ახალი სამხედრო ინტერვენციის განახლების საშიშროება, მცოცავი ოკუპაცია და ექსპორტზე ეკონომიკური ემბარგოს დაწესების რისკი;
  • პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა იმ ქვეყნებში, სადაც ეროვნული წარმოების საქონლის ექსპორტი ხორციელდება;
  • სოციალური პოლიტიკის განხორციელების პროცესში  დაშვებული შეცდომები და მტკივნეული რეფომის წინმსწრები ტემპები მოსახლეობის სოციალური ყოფის გაუმჯობესებასთან შედარებით.

რეფორმის ხელის შემშლელი მრავალრიცხოვანი ფაქტორებისა და მოსალოდნელი საფრთხეების მიუხედავად, ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის ის გარემოება, რომ ქვეყანაში მოღვაწეობენ მაღალკვალიფიციური შემოქმედებითად მოაზროვნე და რეფორმატორულად განწყობილი პოლიტოლოგები, ეკონომისტები, სამართალმცოდნეები და მეცნიერების სხვა დარგების წარმომადგენლები, რომლებზე დაყრდნობით სოციალურ-ეკონომიკური სფეროს რადიკალური მოდერნიზება სავსებით რეალური ამოცანაა. 

7. სოციალური ეკონომიკის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების პრინციპები

სოციალური ეკონომიკის არსებული მოდელების გამოყენების მსოფლიო პოზიტიური გამოცდილებისა და დაშვებული შეცდომების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნისათვის შერჩეული მოდელის ფორმირებასა და ფუნქციონირებას პრინციპებისშემდეგი სისტემა შეიძლება დაედოს საფუძვლად:

პირველი, სოციალური ეკონომიკის დამკვიდრება ხდება საყოველთაო ეროვნული თანხმობის, პოლიტიკური პარტიების და მოსახლეობის უმრავლესობის საერთო ნების კონსტიტუციური დაკანონების გზით;

მეორე, პროცესი უნდა ატარებდეს სისტემურ ხასიათს, რომლის შესაბამისად იგი წარიმართება, როგორც ერთიანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემის რეფორმის შემადგენელი ნაწილი;

მესამე, უზრუნველყოფილ იქნეს კანონის უზენაესობა და უმკაცრესი ბრძოლა კორუფციასთან, რომელიც ყოველგვარი რეფორმის შემაფერხებელი ფაქტორია;

მეოთხე, რეფორმები ხორციელდება დეტალურად დამუშავებული სტრატეგიული გეგმის საფუძველზე მიმდინარე და საშუალოვადიანი მიზნებისა და ამოცანების გამოყოფით, სადაც პრიორიტეტი საყოველთაო კეთილდღეობასა და სოციალურ სამართლიანობასთან ერთად, ინოვაციურ აზროვნებასა და საქმიანობას ენიჭება;

მეხუთე, რამდენადაც სოციალური მოდელი მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და ეფექტური ეკონომიკის გარეშე ვერ იარსებებს, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ამ პრობლემის მოკლე დროში გადაწყვეტას მიზნობრივი მოტივაციურ-მარეგულირებელი მექანიზმის შექმნით, პრიორიტეტული დარგების სახელმწიფო ინვესტირებით, სუბსიდირებით, შეღავათიანი დაკრედიტებით და სხვა;

მეექვსე, სოციალური პრობლემების ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით იურიდიული და  ფიზიკური პირების მაღალ მოგებაზე, შემოსავლებზე და ქონებაზე წესდება პროგრესიული გადასახადები, მაგრამ ისეთი ოპტიმალური ზომით, რომელიც არ ჩაახშობს ეფექტიანი შრომითი და სამეწარმეო საქმიანობის მოტივებს;

მეშვიდე, ოპტიმალურად ეხამება ერთმანეთს ინოვაციების მოტივაცია, თავისუფალი ბაზრის ეფექტიანობა, ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირება და სოციალური სამართლიანობის უპირატესობანი;

მერვე, საკანონმდებლო საფუძველზე იქნება უზრუნველყოფილი მოქალაქეთა მიმდინარე ჩართულობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე გადაწყვეტილებათა მიღებაში, ბიზნესის მართვაში და მაქსიმალურად ხალისდება მასში თანამშრომელთა თანამესაკუთრეობა;

მეცხრე, სახელმწიფო საკმარისი საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფს შრომისუუნარო ადამიანებს. ხოლო მათ, ვინც გამოირჩევა ინიციატივით, ნიჭიერებით და მაღალი პასუხისმგებლობით, უქმნის განათლების, ნაყოფიერი შრომის და სამეწარმეო საქმიანობის მაქსიმალურად ხელშემწყობ პირობებს;

მეათე, რეფორმა ხორციელდება შემჭიდროებულ ვადებში მაქსიმალური სოციალური შედეგებით ისე, რომ მოსახლეობამ დასაწყისშივე იგრძნოს მისი სიკეთე. წინააღმდეგ შემთხვევაში რეფორმას სერიოზული საფრთხე დაემუქრება;

მეთერთმეტე, რამდენადაც თანამედროვე პოსტინდუსტრიული ეკონომიკის მამოძრავებელი წყარო ინოვაციებია, ასეთი აზროვნება ცხადდება ცხოვრების წესად და უმთავრეს სამოქმედო პრინციპად. ყოველმხრივ ეწყობა ხელი მეცნიერებისა და განათლების სისტემის პრიორიტეტულ განვითარებას, საკონკურსო საფუძველზე ფართო მასშტაბით ფინანსდება სამეცნიერო გარღვევებზე მიმართული ფუნდამენტური გამოკვლევები, ნოვატორული გამოყენებითი სამეცნიერო-ტექნიკური პროექტები და ინოვაციური პროდუქტების გამოშვება;

მეთორმეტე, სახელმწიფო თავისი ეკონომიკური ფუნქციების და სტრატეგიული მიზნების შესაბამისად, მიუკერძოებლად იცავს მოსახლეობის ყველა ფენის ინტერესებს. ამასთან, უზრუნველყოფს არა შემოსავლების არარაციონალურ გათანაბრებას, არამედ მათ სამართლიან განაწილებას, ყველასათვის ქმნის წარმატების მიღწევის თანაბარ უფლებებს და შესაძლებლობებს;

მეცამეტე, დგინდება სოციალური პროგრამების დაფინანსების ოპტიმალური მაკროეკონომიკური ნორმატივები და ყალიბდება ოპტიმალური თანაფარდობა ბიუჯეტის ხარჯების იმ ნაწილებს შორის, რომელიც განკუთვნილია სოციალურ საჭიროებებსა და ბიზნესის განვითარებაზე. მისი მიზანია, ერთი მხრივ უზრუნველყოფილ იქნეს დაგეგმილი სოციალური ხარჯების სათანადოდ დაფინანსება, ხოლო მეორე მხრივ, ბიზნესის მოტივაცია, ეფექტიანობის უწყვეტი ამაღლება და ეკონომიკური ზრდა იმ ზომით, რომელიც საკმარისი იქნება როგორც მზარდი სოციალური, ისე ბიზნესსაჭიროებებისათვის. სოციალური ხარჯები ისე იგეგმება, რომ არ გადააჭარბოს ქვეყნის ფინანსურ შესაძლებლობებს, გამოირიცხოს ბიუჯეტის დეფიციტი და ამ მიზნით სახელმწიფო ვალის აღება;

მეთოთხმეტე, სოციალურ-ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მაქსიმალურად გამოირიცხება პოპულიზმი, ავანტიურიზმი და პრობლემებისადმი ვოლუნტარისტული მიდგომა;

მეთხუთმეტე, ოპტიმალურად ეხამება ეკონომიკის რეგულირებისა და დერეგულირების პოლიტიკის უპირატესობანი. კერძოდ, დერეგულირების პოლიტიკა ხორციელდება იქ, სადაც თავისუფალი ბაზარი სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ეფექტურად აწესრიგებს სამეურნეო დ ასოციალურ პროცესებს, ხოლო რეგულირდება ის პრობლემები, რომელთა გადაწყვეტა საბაზრო მექანიზმის შესაძლებლობებს აღემატება; 

მეთექვსმეტე, ეკონომიკური ზრდა უნდა ატარებდეს ინკლუზიურ ხასიათს, რომლის შესაბამისად, სოციალური პოლიტიკა მოიცავს შემოსავლების მოძრაობის თითოეულ სტადიას _ წარმოებას, განაწილებას, გადანაწილებას და მოხმარებას;

მეჩვიდმეტე, მოდელი მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს შეცვლილი პირობებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობას. ამასთან, რეფორმა ხორციელდება არა ერთჯერად აქტად, არამედ როგორც უწყვეტი სრულყოფის პროცესი.

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ რეფორმები მტკივნეული კი არ იყოს მოსახლეობისათვის, არამედ თითოეულ ეტაპზე, მათ შორის დასაწყისშივე  იგრძნონ მისი სიკეთე, რათა რეფორმირების მთელ პერიოდში საყოველთაო მხარდაჭერა იქნეს უზრუნველყოფილი. ამ მიზნით მუშავდება სოციალური პრობლემების გადაჭრის მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამები. მოკლევადიანი პროგრამა ფინანსდება არსებული რეზერვების გამოყენებით. ესაა პროგრესიული საშემოსავლო, მოგების და ქონების გადასახადები, სახელმწიფო ბიუჯეტისა და სახელისუფლებო აპარატის ოპტიმიზაცია, ჩრდილოვანი ეკონომიკის მკვეთრი შემცირება, ზარალიან სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაცია და სხვა. საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების დაფინანსება ხდება ეკონომიკური ზრდით მიღებული შემოსავლებით.

რეფორმირების პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისეთი უაღრესად ეფექტური მენტალური ფაქტორის გამოყენებას, როგორიცაა პატრიოტიზმი და ამ საფუძველზე ეროვნული იდეოლოგიის ფორმირება.სწორად წარმართულ ასეთ პოლიტიკას შეუძლია  ფულად ინვესტიციებზე გაცილებით დიდი ეფექტი გამოიღოს. ეკონომიკური რესურსებითა და მეთოდოლოგიურად როგორადაც არ უნდა იყოს დასაბუთებული რეფორმირების სტრატეგიული გეგმა, სრულფასოვანი შედეგის მიღწევა ამ ფაქტორის გამოყენების გარეშე ვერ მოხერხდება.

ასეთი მასშტაბური რადიკალური ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საკმარისი ოდენობით მაღაკვალიფიციური, შემოქმედებითად მოაზროვნე და რეფორმატორულად განწყობილი კადრების პირობებში. ამიტომ მათ მომზადებისა და არსებული პერსონალის პროფესიული გადამზადების პრობლემა კონცეფციის შემუშავების პირველივე სტადიაზე იწყება.

იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში სულ უფრო ძლიერდება ეკონომიკის სოციალიზაციის ტენდენციები, თვითდინებაზე მიშვებული ულტრალიბერალური საბაზრო ეკონომიკა საუკეთესო გამოსავალია მხოლოდ მონოპოლისტური ბიზნესის ინტერესების გმომხატველი ხელისუფლებისათვის, რომელსაც პოლიტიკური ნების უქონლობასთან ერთად, ეკონომიკის ეფექტური გაძღოლის უნარიც არ გააჩნია. 

კვლევის ძირითადი შედეგები

მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლების მოპოვების შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის პოსტსოციალისტურ ქვეყნებთან ერთად მეტ-ნაკლებად თანაბარ სასტარტო პირობებში აღმოვჩნდით, მათმა დიდმა ნაწილმა ყველა მიმართულებით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, ჩვენ კი, ფაქტობრივად ერთ ადგილზე ვტკეპნით და ჩამორჩენილი ქვეყნების ბოლო რიგებში ვიკავებთ სხვადასხვა ადგილს. ამ მოვლენის მიზეზების დასადგენად გამოკვლეული იქნა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური მოწყობა, რეფორმების გამოცდილება და განვითარების შესაბამისი მაჩვენებლები, რომელთა ანალიზით შემდეგი დასკვნები იქნა მიღებული:

პირველი, ჩამორჩენის უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ჩვენგან განსხვავებით, მხოლოდ ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებით კი არ შემოიფარგლნენ, არამედ აქტიურად გააგრძელეს რეფორმები და ინოვაციებზე ორიენტირებული რეგულირებადი სოციალური საბაზრო ეკონომიკა შექმნეს. გაცილებით ადრე, მე-20 საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან, ასეთივე ეკონომიკაზე თანდათან გადავიდნენ  დასავლეთ ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს სხვა დემოკრატიული ქვეყნები, რამაც მათი სწრაფი განვითარება განაპირობა;

მეორე, სოციალურ ურთიერთობათა ხანგრძლივი ევოლუციის ანალიზი გვიჩვენებს, რომ მათი უწყვეტი ჰუმანიზაცია თავისთავად კანონზომიერ შედეგს წარმოადგენს, რომლის დამაგვირგვინებელი ეტაპი სოციალური სახელმწიფოსა და შესაბამისი ეკონომიკის წარმოშობაა. ამ თვალსაზრისით,მორალურად გაცვეთილილიბერალური საბაზრო ეკონომიკის გაიდეალება, როგორც ეს ჩვენთან ხდება, ისტორიის დინების წინააღმდეგ ცურვას ნიშნავს;

მესამე, მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების მიხედვით შემოსავლების უთანაბრო განაწილების ამსახველი _ ჯინის კოეფიციენტის და სოციალურ-ეკონომიკური დონის სხვა მაჩვენებლების შედარებითი ანალიზი მათ შორის უკუდამოკიდებულების არსებობას ასაბუთებს. კერძოდ, რაც უფრო მაღალია ჯინის კოეფიციენტი, მით დაბალია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონე. აქედან გამომდინარეობს მეტად მნიშვნელოვანი დასკვნა: სოციალური უსამართლობა აფერხებს ეკონომიკის განვითარებას და ცხოვრების დონის ამაღლებას, თრგუნავს ადამიანთა შემოქმედებით პოტენციალს, ამძაფრებს სიღარიბის განცდას და უკონტროლო სოციალური აფეთქების რისკებს წარმოშობს;

მეოთხე, არსებით დაზუსტებას საჭიროებს ჩვენში დამკვიდრებული მცდარი შეხედულება, თითქოს სოციალური პრობლემების მოგვარება მხოლოდ მაღალგანვითარებული ეკონომიკის პირობებშია შესაძლებელი. მოწინავე ქვეყნებში დამკვიდრებული რეალობა კი სრულიად განსხვავებულია _ ეკონომიკური განვითარების დონესა და სოციალურ პოლიტიკას შორის ორმხრივი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობს: ერთი მხრივ, ეფექტური სოციალური პოლიტიკა უშუალოდ განაპირობებს ეკონომიკურ პროგრესს, მეორე მხრივ კი, ამ გზით მომძლავრებული ეკონომიკა საყოველთაო კეთილდღეობის მატერიალურ და ფინანსურ პირობებს ქმნის. შესაბამისად, რადიკალური სოციალურ-ეკონომიკური რეფორმა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, როდესაც გარდაქმნები ორივე მიმართულებით სინქრონულად წარიმართება;

მეხუთე, ასევე, მჭიდრო პირდაპირი კავშირი შეინიშნება ერთი მხრივ, ცალკეული ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ხოლო მეორე მხრივ, მშპ-ში განათლების და მეცნიერების ხარჯების წილს შორის. კერძოდ, ამ ხარჯების მატებასთან  ერთად ასევე იზრდება როგორც მოსახლეობის ერთ სულზე მოსული მშპ, ისე სოციალური ყოფის ამსახველი სხვა მაჩვენებლები. აქაც დამოკიდებულება ორმხრივია _ ისინი ერთმანეთს კვებავენ და აძლიერებენ;

მეექვსე, ჩვენში სოციალური ეკონომიკის მოწინააღმდეგეები ყურადღებას ამახვილებენ მის თითქოსდა დაბალ ეფექტიანობასა და ზრდის ნაკლებ პოტენციაზე, რაც რეალობას სრულიად აცდენილია. ამაზე მეტყველებს იმ სახელმწიფოების ეკონომიკის მაღალი ეფექტიანობა და ზრდის სწრაფი ტემპები, სადაც სოციალური მოდელი შესაბამისი პრინციპების სრული დაცვით ფუნქციონირებს. აქტიური სოციალური პოლიტიკის გამოყენებით ეს ქვეყნები ეკონომიკურ გიგანტებად გადაიქცნენ, ჩვენ კი ლიბერტარიანიზმის იდეოლოგიაზე დაფუძნებულმა ეკონომიკამ კარგა ხნით ჩაგვტოვა ჩამორჩენილთა რიგებში;

მეშვიდე, საქართველოში სოციალური ეკონომიკის დამკვიდრების კიდევ ერთი არგუმენტია მისი დადებითი გავლენა დემოგრაფიულ ვითარებაზე. იმის გამო, რომ აულაგმავი ბაზარი პერმანენტულად წარმოშობს სიღარიბესა და სოციალურ უსამართლობას, მცირდება შობადობა, იზრდება ბავშვთა სიკვდილიანობა და ძლიერდება მოსახლეობის მიგრაცია იმ ქვეყნებში, სადაც ეს პრობლემები გადაჭრილია. ამ პირობებში, თუ დროულად ვერ მოვახერხებთ სოციალურ ეკონომიკაზე გადასვლას, სრული დემოგრაფიული კატასტროფა გვემუქრება;

მერვე, მსოფლიოში გამოყენებული სოციალურ-ეკონომიკური მოდელებიდან ჩვენთვის მისაღები ვარიანტის შერჩევისას მიზანშეწონილია, ორიენტაცია ავიღოთ ეტალონად მიჩნეულ შვედურ ,,საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს’’ მოდელზე. იგი კომპლექსურად უზრუნველყოფს ცხოვრების საუკეთესო სტანდარტებს, სოციალური დაცულობის ოპტიმალურ დონეს, სრულ დასაქმებას, ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და მაღალ ეფექტიანობას;

მეცხრე, ცალკეულ ქვეყნებში სოციალური ეკონომიკის პოზიტიური გამოცდილებისა და დაშვებული შეცდომების ანალიზი გვიჩვენებს, რომ მისი წარმატებული ფუნქციონირება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი მეცნიერულად დასაბუთებული პრინციპების დაცვის პირობებში, რომელთა უგულებელყოფას შეუძლია ქვეყანა უაღრესად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენოს. პრინციპების ეს სისტემა წარმოდგენილ ნაშრომშია შემოთავაზებული;  

მეათე, სოციალური ეკონომიკის მშენებლობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ რეფორმები მტკივნეული კი არ იყოს მოსახლეობისათვის, არამედ დასაწყისშივე  იგრძნონ მისი სიკეთე, რათა რეფორმირების მთელ პერიოდში საყოველთაო მხარდაჭერა იქნეს უზრუნველყოფილი. ასევე, სასიცოცხლოდ აუცილებელია რეფორმის ხელის შემწყობი ისეთი უაღრესად ეფექტური მენტალური ფაქტორის გამოყენება, როგორიცაა პატრიოტიზმი და ამ საფუძველზე ეროვნული იდეოლოგიის ფორმირება. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ც. ანთაძე, სოციალური რისკები თანამედროვე საქართველოში, პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი ,,ეკონომისტი’’, 2010, #N2.
  2. რ. გველესიანი, ი. გოგორიშვილი, ეკონომიკური პოლიტიკა, თბილისი, 2008.
  3. ე. ელისეევა, სოციალური პოლიტიკა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, რუსულ ენაზე, სანკტ-პეტერბურგი, 2015.
  4. ვოლგინი ნ. ა., სოციალური პოლიტიკა, რუსულ ენაზე, მოსკოვი, 2003.
  5. ა. თეთრაული საბაზრო ეკონომიკის ქართული მოდელი და მისი თავისებურებანი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული, ტომი I, თბილისი, 2001.
  6. რ. კლუმპი, ეკონომიკური პოლიტიკა: მიზნები, ინსტრუმენტები, ინსტიტუციები, თბილისი, 2015.
  7. ალფ. კურატაშვილი, სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის პრობლემები და მათი გადაჭრის პრინციპულად ახალი თეორიული საფუძვლები, პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი ,,ეკონომისტი’’, 2017,N# 2.
  8. ანზ. კურატაშვილი, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების პრობლემები, პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი ,,ეკონომისტი’’, 2011, # 2.
  9. ნ. სანთელაძე, საქართველოში ეკონომიკის რეფორმირების მაკრო- და მიკროასპექტები, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის შრომები, ტომი I, თბილისი, 2000.
  10. სოციალური პოლიტიკა, ე. ი. ხოლოსტოვას და გ. ი. კლიმანტოვას რედაქციით, რუსულ ენაზე, მოსკოვი, 2013.
  11. კ. სტაროპენკო, კუზმენკოვი ვ. ა., პუშკოვი ა. ა. სოციალური სახელმწიფოს საფუძვლები, რუსულ ენაზე, ორიოლი, 2012.
  12. ვ. ხიზანიშვილი, სოციალურ-ეკონომიკური თანასწორობა, პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი ,,ეკონომისტი’’, 2012, #N1.
  13. ლ. ჩიქავა, საქართველოს ეკონომიკის სოციალური არაორიენტირებულობა და მისი განმსაზღვრელი ფაქტორები. საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის შრომები. ტომი I, თბილისი, 2000.
  14. ნ. ჭითანავა, ლ. თაკალანძე, სოციალური ეკონომიკა _ ფორმირება და განვითარება, I ნაწილი, თბილისი, 2008.